სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ ჩალათაშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა, რომელსაც სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ლექციის ფარგლებში განიხილეს სააგენტოს როლი სასარგებლო წიაღისეულის მართვის პროცესში, გარემოსდაცვითი სტანდარტები და რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენების საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო გეოლოგიის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების, რესურსების რაციონალური მართვის მნიშვნელობისა და დარგის განვითარების პერსპექტივების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე გეოლოგიური კვლევების ჩატარებისას.
ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სააგენტოს წარმომადგენლისთვის კითხვებით მიემართათ და გეოლოგიის სფეროში მიმდინარე სიახლეებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო აკადემიურ წრეებთან და უმაღლეს სასაწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს, რაც დარგის პოპულარიზაციას, ცოდნის გაზიარებასა და ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდაჭერას ემსახურება.