გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი უფროსი -აბელ აბესაძე ოფიციალურად წარუდგინა.
მინისტრმა ახლადდანიშნულ უფროსს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას.
„მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია და რომლის განკარგვასაც მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს, საჭიროებს რაციონალურ მართვას; მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა. ასევე, სამუშაო პროცესების დახვეწა იმდაგვარად, რომ სერვისების მიწოდების მიმართულებით პროცესები კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს. ასევე, მნიშველოვანია არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამატებითი შესწავლა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სააგენტოს ახალმა უფროსმა აბელ აბესაძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მზად არის გუნდთან ერთად აქტიურად იმუშაოს განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების წარმატებით განხორციელებისთვის.
აბელ აბესაძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციებს.